"კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტი იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია"
13/04/2020 14:50:33 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტი იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
"ამ ეტაპზე კლინიკაში არის 84 პაციენტი, მათგან 67 პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებულია. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, რეანიმაციული პაციენტებიდან გადმოვიყვანეთ 81 წლის ქალბატონი. სავარაუდოდ, ის კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერება. 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზე გვყავს, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია“,- აცხადებს რატიანი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


