სად ხედავს ხუნდაძე პანდემიის პირობებში სუსტ რგოლს
13/04/2020 12:40:54 საზოგადოება
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა "ნახტომისებური ზრდა მივიღეთ", შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევა, რესურსი და შესაძლებლობები არასაკმარისი აღმოჩნდეს.
როგორც ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რეგიონებში არ არის საკმარისი მზაობა და პაციენტების დიდ ქალაქებში რეფერირება გახდება საჭირო:
„რასაც შეგვიძლია, რომ მაღალი ხარისხის მზაობა დავარქვათ, ეს არის დედაქალაქში და დიდ ქალაქებში, თუმცა, არა ყველგან. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ იყოს ნახტომისებური ზრდა. არსებობს რამოდენიმე სცენარი. მიმდინარე სცენარი, სადაც გვაქვს დაბალი მაჩვენებელი, ნაკლები დანაკარგითა და ზიანით, არის სასურველი, მაგრამ არსებობს რთული სცენარებიც, რომელსაც არ ჩავუღრმავდები, რადგან დიდ დროს წაიღებს და მოსასმენადაც არასასიამოვნოა. ეს სცენარი შესაძლოა, პრაქტიკულად იქცეს, თუ ჩვენ, ყველას ერთად აღებულს, არ გვექნება ადეკვატური რეაქცია. ჩვენ თუ ნახტომისებური ზრდა მივიღეთ, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევა, რესურსი და შესაძლებლობები არასაკმარისი აღმოჩნდეს. რეგიონებზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ტალღისებური დარტყმის შემთხვევაში, მოგვიწევს პაციენტების რეფერირება რეგიონებიდან დიდ ქალაქებში, სადაც ისედაც დიდი ტვირთი იქნება, თუ ცუდი სცენარით წავედით. გადმოყვანას სჭირდება რესურსი, მზაობა და პაციენტების ტარებაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით შეიძლება, არ იყოს სასურველი. ახლა დასაკარგი დრო არ არის. აქამდე მუშაობდა ის, რომ ასჯერ გავზომავთ და ერთხელ გავჭრით, თუმცა ამ რეჟიმში ვფიქრობ, სწრაფად უნდა გავზომოთ და სწრაფად უნდა გადავჭრათ საკითხი, რომ არ დადგეს არასასურველი შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს კატასტროფული".


