საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის პაციენტს გასაწერად ამზადებენ
13/04/2020 07:55:08 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი რჩება, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე ცნობით, 81 წლის ქალბატონი სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს კლინიკას.
„გვყავდა 42 წლის მძიმე პაციენტი. მას სუნთქვის უკმარისობა მოეხსნა და ეს პაციენტიც თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა. რეანიმაციიდან დღეს კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესებულია. ესეც ახალგაზრდა პაციენტი იყო. გუშინ ჩვენგან ორსული ქალბატონი გაეწერა, მეორე ორსულის მდგომარეობა სტაბილურია. ასევე გვყავს სამი მოზარდი. მათ მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია“,– განაცხადა რატიანმა.
ცნობისთვის: კლინიკაში ამ დროისთვის 66 პაციენტი მკურნალობს. ჯამში ქვეყანაში 266 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.


