24 საათში 19 ახალი შემთხვევა – როგორ აფასებს ეზუგბაია სტატისტიკის ზრდის ტენდენციას
12/04/2020 07:13:15 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ ვითარება კონტროლირებადია და ეს ფაქტი მაინც იმედისმომცემია.
„სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ მართალია, გრძელდება დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ეს ზომიერი და კონტროლირებადია.
გუშინ, დილით 233 პაციენტი იყო, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ. როგორც ვიცით, სამი არის შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა, რომელსაც 233 შემთხვევას არ ვათვლით და ცალკე განვიხილავთ. 233 პაციენტს 19 პაციენტი დაემატა. დღეს დილისთვის გვაქვს 252 შემთხვევა. ამ 252 შემთხვევიდან უკვე 60 გამოჯანმრთელებულია საერთო მაჩვენებლით და მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ. გუშინ, ჩვენ 4 პაციენტი დაგვემატა. თუ გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს 252 პაციენტს გამოვაკლებთ, გამოდის, რომ 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში.
ბათუმიდან დედა-შვილი უკვე გადმოიყვანეს ჩვენთან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე ისეთი მდგომარეობაა, რომ დაავადების პროგრესირებას არ ველით, თუმცა გაფართოებული კვლევები კიდევ უფრო დაგვაზუსტებინებს მათ ზოგად მდგომარეობას შეფასების თვალსაზრისით. ამ ორი პაციენტის გარდა, ჩვენ ახალი პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 60 პაციენტია გამოჯანმრთელებული, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


