ახალი შანსი ანაკლიისთვის

11-04-2020 18:50:48 ეკონომიკა

იაპონია გეგმავს, მის კომპანიებს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის ფონზე პრობლემები შეექმნათ, ჩინეთის დატოვებაში ფინანსურად დაეხმაროს. შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) წარმოების ჩინეთიდან იაპონიაში გადატანას მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი - ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში. თბილისში ამ პროცესში საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები დაინახეს, მათ შორის – ანაკლიის კონტექსტში.

ინფორმაციითვის: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომლის მნიშვნელობაზეც საქართველოში რიტორიკის დონეზე ყველა თანხმდება, არა მხოლოდ ღრმაწყლოვან პორტს, არამედ ინდუსტრიულ და ლოჯისტიკურ პარკს, ფინანსურ ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს, ამერიკული აკადემიის საუნვერსიტეტო კამპუსს, ამერიკულ ჰოსპიტალს, ინოვაციებისა და სტარტაპების ცენტრს, საერთაშორისო იპოდრომს, გოლფ კლუბსა და კიდევ ბევრ კომპონენტს მოიცავს.

პროექტის განხორციელების შედეგად ანაკლია გახდება სიახლის, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კომპანიების მიზიდულობის ცენტრი, რაც ათასობით სამუშაო ადგილსაც გულისხმობს. ამასთან, თავად პორტი აბრეშუმის გზის კარიბჭის ისტორიულ ფუნქციას შეასრულებს.

სმარტ სითი და ფინანსური ცენტრი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ იაპონიის მთავრობის ინიციატივა ანაკლიის პორტისთვის, ქალაქისთვის და მთლიანად საქართველოსთვის კორონავირუსის კრიზისის ფონზე ახალ შესაძლებლობებს ხსნის:

„ჩვენ დღეს გვჭირდება ისეთი პოზიციონირება, რომელიც სხვა ქვეყნებს არ ძალუძთ. ეს არის ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს არის მთავრობის მიერ გაჩერებული ანაკლიის პროექტი და მის უკან -ანაკლიის ქალაქი.

ამ ქალაქის დაპროექტება რომ დავიწყეთ, მოვიწვიეთ ძალიან დიდი ინგლისური კომპანია - BuroHappold, რომელმაც შეადგინა პირველადი გენგეგმა. ამის მერე დავიწყეთ ანალიზი, კვლევა და შევისწავლეთ ასი თავისუფალი ეკონომიკური ზონა მსოფლიოში. მათგან მხოლოდ 5% აღმოჩნდა წარმატებული. დავიწყეთ ამ წარმატებულ თეზ-ებში ჩასვლა, შესწავლა და გაცნობა. მივადექით იაპონურ კომპანიას კამბოჯაში, რომელმაც ათი წლის წინ დაიწყო თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობა და დღეს უკვე რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას უშვებს. დასაქმებული ჰყავთ 20-25 ათასი ადამიანი ამ ზონაში (400 ჰექტარზეა საუბარი). მერე ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და ერთად გავემგზავრეთ ტაილანდში, გაცილებით დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონა ვნახეთ - 5000 ჰექტარზე მოწყობილი და მასში სამი საავტომობილო ქარხანა... პანელების ქარხანა, ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს - ფოტოაპარატის ნაწილებიდან დაწყებული, თვითმფრინავის კომპოზიციური მასალებით დამთავრებული... ორი წელია უკვე, ეს იაპონური კომპანია ჩვენი პარტნიორია. საქართველოში იაპონიის ელჩის ჩართულობით ამ ჩვენი აქტიურობით დაინტერესდა იაპონიის მთავრობაც. მან გამოყო გრანტი ნომერ პირველი საინჟინრო კომპანია Nippon KOEI-სთვის, რომელმაც ინგლისელების მიერ დაწყებული გენერალური და ბიზნეს-გეგმები იაპონურ ყაიდაზე დაამუშავეს“.

ხაზარაძე განმარტავს, რატომ გამახვილდა ყურადღება მაინცდამაინც იაპონიაზე:

„რატომ წავედით იაპონელებისკენ და არა ჩინელებისკენ, დუბაისკენ, ყატარისკენ და ასე შემდეგ? იაპონია არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავისი მუშა-ხელის ექსპორტს არ ახორციელებს. იაპონური მუშა-ხელი ძალიან ძვირია და არ მოგზაურობს ქვეყნიდან ქვეყანაში. რაც მომეწონა კამბოჯაში და ტაილანდში, არის ის, რომ ხსენებულ ქარხნებში დასაქმებულთა 99 პროცენტი ადგილობრივია, რომლის ტრენინგს, გადაკვალიფიცირებას, სწავლებას, კვალიფიკაციის ამაღლებას იაპონელები ძალიან მოკლე, შეზღუდულ დროში - 3-დან 6 თვემდე ვადაში ახორციელებენ. ბევრი რამ მაქვს ნანახი, ბევრი მიმოგზაურია და რაც იქ ვნახე - რაც ამ ადამიანებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში გააკეთეს, ნამდვილი საოცრებაა. ამიტომ როცა ვსაუბრობთ ჩვენს გეგმებზე, ანაკლიის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობაზე, ამის განხორციელება პორტის გარეშე არ შეიძლება, - მთელი ამბავი ის არის, რომ გემი უნდა შემოდიოდეს".

მისივე განმარტებით, შავ ზღვაში მყოფი გემების 75% საქართველოში ვერ შემოდის, რადგან ქვეყანას შესაბამისი ინფრასტრქტურა არ აქვს.

"ანაკლიის პორტი და მის უკან ქალაქი – ეს ერთმანეთზე საკმაოდ სერიოზულად გადაჯაჭვული ბიზნესია. იაპონიის მთავრობის გუშინდელი განცხადება რომ გავიხსენოთ, იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენ კომერციულად უნდა შემოგვეყვანა და დაგვერწმუნებინა საქართველოს უპირატესობაში, მათ ჩინეთიდან მიგრაციას ახლა უკვე თავად მთავრობა აფინანსებს. ეს არის უნიკალური შანსი! იაპონიის მთავრობის გრანტი აქვს კომპანიას, პროექტიც დამთავრებული აქვს... იაპონიის მთავრობა ამბობს: 2 მილიარდს გამოვყოფ, რომ ჩინეთიდან გავიტანოთ წარმოებებიო. როცა ვფიქრობთ იმაზე, როგორ ვიყოთ უკეთესად, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება“.

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი ასევე თვლის, რომ მსგავსი გადათამაშება მსოფლიოში ორ-სამ დეკადაში ერთხელ თუ ხდება და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ:

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორია ძალიან ხელსაყრელია ინდუსტრირებისთვის და ლოგისტიკური კომპანიებისთვის. საქართველოს სხვა გარემოებებთან ერთად (როგორიც არის ბიზნესის წვდომა ბაზრებთან), აქვს პოტენციალი, იქცეს რეგიონულ ჰაბად. როდესაც ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნებოდა ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლებელი იყო, განვითარებულიყო საერთაშორისო დონის ინდუსტრიული ზონა, სადაც ამ საერთაშორისო კომპანიებს, მათ შორის იაპონურებსაც მოვიზიდავდით და დავაინტერესებდით, საქართველოში გაეკეთებინათ ჰაბი და აქედან მიეწოდებინათ პროდუქცია კავკასიის ბაზრებისთვის (აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის), სწორედ აქედან მომხდარიყო აქ ნაწარმოები პროდუქტების მიწოდება. ეს ნაბიჯები რომ გადაგვედგა, ჩავრთეთ ოპერატორი და საინჟინრო კომპანია, რომელიც ნომერ პირველია იაპონიაში, რათა იაქური სტანდარტების მიხედვით განხორციელებული დაგეგმარება. წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, რკინიგზა, გზა, პორტი - ერთმანეთთან ინტეგრირებული და, რა თქმა უნდა, იყოს გამართული რეგულაციები. ამ ყველაფრისთვის იაპონიის მთავრობამ გამოგვიყო გრანტი. მის ფარგლებში გადამოწმდა, რამდენად იყო ქვეყანა ხელსაყრელი ამ მიმართულებით. რეალურად, ანაკლიის პორტის განვითარების შემთხვევაში მას ავტომატურად მიებმებოდა ანაკლია სითი, ე.წ ინდუსტრიული ზონის განვითარება და შევძლებდით იმას, რომ საერთაშორისო კომპანიებისათვის საქართველო ყოფილიყო კონკურენტუნარიანი, რომ მათი საქმიანობები აქ გადმოგვეტანა“.

ბოჭორიშვილის თქმით, ახლა, როცა მოვისმინეთ იაპონიის მთავრობის განცხადება და თავად იაპონური კომპანიების მზაობა, ჩინეთი დატოვონ, შანსები გაცილებით მაღალია:

„ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ახალი ბაზრების შესწავლაზე გადავლენ. გარდა ამისა, ჩემთვის ცნობილია, რომ კორეულმა კომპანიებმა დატოვეს ჩინეთის ბაზარი. მათ შორისაა „ჰიუნდაიც“. ამას მიყვება სხვა ბევრი საერთაშორისო კომპანია, „სამსუნგი“, მათ შორის და კიდევ ბევრი. ეს კომპანიები დაიწყებენ აქტიურად ძიებას, რომელ ბაზრებზე დაფუძნდნენ და ეს არ იქნება ერთი ადგილი, ეს იქნება ალბათ, მცირე ზომის ჰაბები. უკვე აღვნიშნე, რომ საქართველო შეიძლება, იქცეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ჰაბად. თუ ქვეყანას ექნება კარგი ინფრასტრუქტურა, გამართული რეგულაციები და, რა თქმა უნდა, კარგად მომზადებული მუშა-ხელი, ვთვლი, რომ შეგვიძლია, დავაინტერესოთ ეს კომპანიები, საქართველოში შეიქმნას ლოგისტიკური ცენტრები“.

მისივე თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია სექტორები, რომელთა კუთხითაც საქართველოს სხვა ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, მათ შორის - კვება და სასმელები, ფარმაცეფტიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, სარეცხი საშუალებები, ავტო-ნაწილები და სხვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები