საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული რამდენიმე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა
10/04/2020 13:56:49 საზოგადოება
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის რვა პაციენტია მოთავსებული, კიდევ სამის მდგომარეობა დამძიმდა და ისინი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაიყვანეს,– ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა.
„სამი პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა მწვავე ფილტვის სურათი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და აქედან განომდინარე, ინტენსიური თერაპიიდან გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დაწყებულია და გაგრძელდა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი სამი პაციენტი იცით რომ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე მძიმეა, მაგრამ ვიტალური ფუნქციის შენარჩუნებით“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება მოზარდებს, რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები არ გამოვლენილა. დინამიკაში უცვლელია ორსულების მდგომარეობა:
"გაგზავნილი გვაქვს, ველოდებით პირველად პასუხებს“.
ცნობისთვის: თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს. ჯამში ქვეყანაში ამ დროისთვის კოვიდვირუსის 230 ფაქტია დადასტურებული, მათგან 54 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.


