რომელი მედიკამენტი მუშაობს „კოვიდ–19“–ის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად – ტურძელაძის კომენტარი
10/04/2020 12:24:15 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ცნობით, კლინიკაში ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ მკურნალობის პროცესში გამოყენებაში სხვადასხვა მედიკამენტია. ამის შესახებ მან კითხვის, „რომელი მედიკამენტი მუშაობს ყველაზე კარგად“, საპასუხოდ განაცხადა.
„სხვადასხვა მედიკამენტებს ვიყენებთ: ანტიბიოტიკებს, ჰორმონებს, იმ წამლებსაც, რომელიც მითითებულია [პროტოკოლში] – „პლაქველის“ და ა.შ. ყველა ამ წამალს ვიყენებთ, რა თქმა უნდა. ოღონდ, დროის შერჩევა და მკურნალობის დროულად დაწყებაა საჭირო – არც ადრე და არც გვიან“,– ამბობს ტურძელაძე.
მისი თქმით, მკურნალობის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს, პაციენტის დამძიმების მომენტი არ გამოეპაროს მედიკოსს და სწორად შეარჩიოს მედიკამენტი:
„ექიმის ინტუიცია, ყურადღება, შრომისმოყვარეობა ძალიან საჭიროა. მნიშვნელოვანია, ექიმი პაციენტთან სიახლოვეს არ ერიდებოდეს, უსმენდეს მას, აკვირდებოდეს – ყველაფერი ერთად ბოლოს იძლევა შედეგს“.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსის 230 შემთხვევა დასტურდება, მათგან 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი. ქვეყანაში დაფიქსირდა შიდა გადაცემის შემთხვევები. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა.


