"112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება"
10/04/2020 11:03:36 საზოგადოება
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, 112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ტელემედიცინის მომსახურების გაძლიერებასა და „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში 112-ის მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 112 დღეს „კოვიდ“-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი გახდა, რადგან ის მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია და გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს", – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.


