მეცნიერებმა კორონავირუსის სამი დამატებითი სიმპტომი დაასახელეს
10/04/2020 09:08:03 საზოგადოება
სულ უფრო მეტი მონაცემი მოწმობს იმას, რომ COVID-19-ის სიმპტომატიკა მხოლოდ მაღალი სიცხითა და განგრძობადი მშრალი ხველით არ შემოიფარგლება. არსებობს მთელი რიგი დამატებითი სიმპტომები.
კვლევის შედეგად, რომლის დასკვნები პორტალ Lancet-ზე გამოქვეყნდა, დადგინდა, რომ თავის ტკივილი COVID-19-ის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია. როგორც კვლევამ აჩვენა, უხანის პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 8% დაავადების პირველ დღეებში მოულოდნელად დაწყებულ თავის ტკივილზე მიუთითებდა.
ინფიცირებულები უჩიოდნენ ასევე თავბრუსხვევას. ამასთან, მისი ხშირი, ძალზე ძლიერი ან მკვეთრი შეტევები შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის უფრო სერიოზულ რისკზე მიანიშნებდეს, - აღნიშნავენ კლივლენდის კლინიკის სპეციალისტები.
კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი, თუმცა სახიფათო სიგნალი ყნოსვის უეცარი დაკარგვაა, - აღნიშნავენ ბრიტანული რინოლოგიური საზოგადოების სპეციალისტები. სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში უკვე სარწმუნო მტკიცებულებები მოეპოვებათ იმისა, რომ პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს ყნოსვის დაკარგვა აღენიშნა და მეტიც, გერმანიაში დაავადებულთა 2/3-ზე მეტი აცხადებდა, რომ ვეღარ გრძნობს/არჩევს სხვადასხვა სუნს.
და ბოლოს, მეცნიერებმა დაავადების პოტენციურ ნიშნებად ზოგადი სისუსტე და დაბნეულობა განსაზღვრეს. ვაშინგტონის მოხუცთა ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც ბინადართა თითქმის 1/3-ს კორონავირუსი დაუდგინდა, ინფიცირებულთა ნახევარს ამ დაავადების დღემდე ცნობილი ტიპური სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა უჩიოდნენ ზოგად სისუსტეს, დისკომფორტსა და შფოთვას.
არაერთი ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებმა უკვე დაასახელეს დაბნეულობა COVID-19-ის საგანგებო "გამაფრთხილებელ სიგნალად".
ეს ინფორმაცია, აღნიშნავენ მკვლევარები, იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს პანდემიის პერიოდში მომეტებული ყურადღება და სიფრთხილე ჰმართებთ და არ უნდა მიეცნენ თვითდამშვიდებას მხოლოდ იმის გამო, რომ მაღალი სიცხე არ აღენიშნებათ.


