Accentnews.ge
ლენტეხში პასუხს 11 ნიმუშზე ელოდებიან

ლენტეხში პასუხს 11 ნიმუშზე ელოდებიან

10/04/2020 07:35:24 საზოგადოება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ლენტეხში პასუხს 11 ნიმუშზე ელოდებიან.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში თერმოსკრინინგი მიმდინარეობდა რისკის შემცველ სოფელ მელეში, სადაც გადაადგილდებოდა კორონავირუსით ინფიცირებული, ასევე დაბა ლენტეხში. ოჯახის ექიმებმა რისკის შემცველ ზონაში მყოფი ყველა ოჯახი შემოიარეს. პირველად კონტაქტში მყოფ პიროვნებებს ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი, 11 ადამიანზე აღებულია ნიმუში და გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში კვლევისთვის. გუშინდელი სკრინინგის შედეგად 5 პიროვნებას დაუდგინდა მაღალი ტემპერატურა. მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან ეს პიროვნებები და ბოლო ინფორმაციით მათ დღეს ტემპერატურა არ აღენიშნება, თუმცა მათზე ნიმუშები აღებულია და დღის ბოლომდე იქნება პასუხები,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტების ამოქმედებისა და თერმოსკრინინგის ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 8 აპრილს 53 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც ამ ორ მუნიციპალიტეტში გადაადგილდებოდა. მამაკაცს 70–მდე კონტაქტი უდასტურდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა.

მათი ცნობით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.

“საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S