გახარია – მოქალაქეებს: „სიმპტომების გაჩენისთანავე დარეკეთ 112–ში“
09/04/2020 09:20:52 საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმპტომების გაჩენისთანავე 112-ზე დარეკონ და 112 მოქალაქეებს საჭირო მიმართულებით გადაამისამართებს.
„მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, როდესაც თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ცოტა სიცხე გაქვთ, გიჭირთ სუნთქვა, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. სისტემა გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მიუდგება მის ყოველდღიურ ცხოვრებას. როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა ავიღოთ და დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ უკვე ექიმები მართავენ ამას ყველაფერს. 112 დღეს სრულად არის მობილიზებული, 112-ის გარდა ქვეყნის მასშტაბით რეგიონალურად ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები არიან კონკრეტულ სტაციონარებში მობილიზებული იმისთვის, რომ ტელემედიცინის საშუალებით, პირველადი კონსულტაცია გაუწიონ ჩვენს მოქალაქეებს, რომელსაც პირველი სიმპოტომები გაუჩნდებათ”, - განაცხადა პრემიერმა.


