ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო
08/04/2020 14:50:39 საზოგადოება
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით, ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
მათივე ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათის განმავლობაში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.
ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მანამდე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერიმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი გახდა, რომლის კონტაქტების დადგენა ახლა მიმდინარეობს და ეს ვანს უკავშირდება.
“ამ ეტაპისთვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს სხვა დანარენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეცალური გამშვები პუნქტები მოეწყობა. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე პროაქტიული თერმოსკრინინგი განხორციელდება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ამ დროისთვის სპეციალური საკონტროლო პუნქტები განთავსებულია ქვეყნის ძირითადი ქალაქების შესასვლელებთან: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, თელავი და ახალციხე. გარდა ამისა, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში შემოღებულია მკაცრი საკარანტინო ზომები.


