ჯანდაცვის მინისტრი: "ამ ეტაპზე ექიმების დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება"
08/04/2020 10:38:44 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ექიმების რესურსში დეფიციტი არ არის და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია ნამდვილად არ იგეგმება.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ოჯახის ექიმების მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს, რათა მათ მიერ საკარანტინო ზონებში პაციენტებზე ჩატარებული მკურნალობა უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს.
„ჩემთვის, ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი იმ ექიმების რაოდენობა და არც იმ ექიმების შესახებ არის ცნობილი, ვინც უსამსახუროდ არიან დარჩენილები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსგავსი გეგმა სამინისტროს ამ ეტაპზე არ აქვს იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც სტატისტიკასთან მიმართებით გვაქვს. მოგახსენებთ, რომ COVID 19-ის დადასტურებული ინფექცია 208 ადამიანს აქვს, აქედან 48 გამოჯანმრთელებულია. ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია დამდვილად არ იგეგმება. თუმცა, იმ პროფესიებთან მიმართებით, როგორებიც არიან რენიმატოლოგები, ინფექციონისტები, მათი მობილიზაცია უკვე არის. ასევე, ოჯახის ექიმების მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებული საკარანტინო ზონებში მკურნალობა ჩვენი პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური იყოს“,-განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის: ქვეყანაში რამდენიმე შიდაგავრცელების ფაქტი დასტურდება. ორი მსგავსი ფაქტი აღინიშნა აჭარაში. ცნობილია, რომ ქალბატონი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა, ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა მუცლის ტივილის ჩივილით, თუმცა ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით მან სხვა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, სადაც ეჭვი კორონავირუსზე მიიტანეს და ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა კიდეც. კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ქობულეთში. ამჟამად აღნიშნულ სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევებთან დაკავშირებით იმსჯელა და ამ დროისთვის ვანში, ქობულეთსა და სამეგრელოში მარნეულისა და ბოლნისის მოდელების განხორციელება არ განიხილება.
თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა, საღამოს საბჭო კვლავ შეიკრიბოს და ზომების გამკაცრების საკითხზე იმსჯელოს.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ვანში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი და უკვე 5000 მოქალაქეა გამოკვლეული.
„ვმსჯელობთ კიდევ დამატებით ღონისძიებებზე, რომელიც დღის მანძილზე განხორციელდება“ , – დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.


