ბექაიას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
08/04/2020 07:34:07 საზოგადოება
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საშუალო სიმძიმისაა.
„კლინიკაში ამჟამად იმყოფება 40 პაციენტი. გუშინ ჩატარდა 25 კვლევა. 25-დან ერთი არის დადებით პასუხი, 24 უარყოფითი. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ეს ერთი პაციენტი გადავა თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი გადანაწილდება პროფილური კლინიკების მიხედვით. 25 პაციენტს შორის, რომლებზეც კვლევა ჩატარდა, არიან ჩვენი თანამშრომლებიც, რომლებიც, მოგეხსენებათ, 14-დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხი მოვიდა“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა მარეხ ბექაიამ.
მისივე თქმით, 14 წლის მოზარდის ოჯახის ორ წევრს ტესტირება გუშინ ჩაუტარდათ და ისინი დადასტურებული დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
„ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე გადაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით. დღეს გადავა ოჯახის მესამე წევრი, 14 წლის ბავშვი. მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.


