როგორია კორონავირუსის ხანგრძლივობის პროგნოზი და არსებობს თუ არა გამოჯანმრთელებული პაციენტის დაინფიცირების რიკი
07/04/2020 18:19:58 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა კითხვებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ვირუსი და არსებობს თუ არა გამოჯანმრთელებული პაციენტის ხელმეორედ დაინფიცირების რისკი.
გამყრელიძის თქმით, ვირუსის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ორი მოსაზრებაა გამოკვეთილი:
„ჯერჯერობით მსოფლიო ერთ ციფრზე ვერ ჯერდება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ვირუსი ან როგორი იქნება, მაგრამ გამოკვეთილია მაინც ორი შეხედულება, რადგან ეს არის რესპირაციული ვირუსი, კორონას ჯგუფის წარმომადგენელი და კორონავირუსის დაახლოებით 4 ტიპი ცნობილია, რომელიც ჩვენთანაც ცირკულირებს და მას აქვს ხოლმე სეზონური ხასიათი, ისევე როგორც სხვა რესპირაციულ ვირუსებს, ყველა ამათ საერთო ქცევის წესები აქვთ და როგორც წესი, ისინი ზაფხულისკენ ცოტა მაინც უკან იხევენ, ცოტა კი არა კარგად უკან (თუმცა, მაინც გვაქვს ხანდახან ზაფხულში გრიპის შემთხვევა). მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე ამ კორონავირუსმაც უკან უნდა დაიხიოს და შედარებით წავიდეს კლებისკენ, როგორც ახალი შემთხვევები, ისე სიკვდილიანობა და ა.შ. - ეს გახლავთ ერთი შეხედულება, თუმცა მეორე შეხედულებით, ის შეიძლება გადაიქცეს ე.წ. სეზონურ ვირუსად, რომელიც შეგვახსენებს ხოლმე თავს სიცივეში და ის შეიძლება იყოს უფრო რთული და მძიმე ვიდრე გრიპის ვირუსი. ამიტომაც დღეს მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციები აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე“.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებული პაციენტების ხელმეორედ დაინფიცირების რისკს, გამყრელიძე ამბიბს, რომ რისკი არსებობს, თუმცა დაბალი:
„ე.წ. რეინფექციის, ანუ ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ჯერჯერობით დაბალია, რადგან ამ ვირუსს სულ სამი თვის ისტორია აქვს. მოგეხსენებათ, გრიპის დროს, რომელიც ძალიან ჰგავს კორონავირუსს თავისი კლინიკით, ასევე ძალიან დაბალია რისკი. როგორც წესი, ის ტოვებს იმუნიტეტს, იგივე გრიპის ვირუსი ან სხვა რესპირაციული ვირუსები, მაგრამ ისინი არ ტოვებენ იმ ტიპის იმუნიტეტს, რომელსაც, მაგალითად წითელა, ქუნთრუშა ან სხვა გადატანილი დაავადება. რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, მაგრამ მაღალი არა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 196 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 მოქალაქეა.


