"ევროპის და შესაძლოა, მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მოსახლეობა არაა ისე დაცული კორონავირუსისგან, როგორც საქართველოს"
07/04/2020 14:46:08 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ევროპის და შესაძლოა, მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მოსახლეობა არაა ისე დაცული კორონავირუსის ინფექციისგან, როგორც საქართველოს მოსახლეობა.
„ჩვენ თავის დროზე, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ადრე გამოვიყენეთ მკურნალობის ყველაზე მოწინავე, ინოვაციური მეთოდები, რომელიც შემდგომში აღიარებული იქნა ისეთი ავტორიტეტების მიერ, როგორიც ამერიკის პრეზიდენტი. ასევე, მაქსიმუმი კეთდება თითოეულ ავადმყოფზე სიმპტომური და დახმარე თერაპიის თვალსაზრისით. თითოეული ავადმყოფის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია ხდება, როგორც კი ის ავად გახდება, მისი სრული გამოკვლევა 24 საათში ხდება და სამედიცინო პერსონალი 24 საათის განმავლობაში კურირებს მას. ყველას გყავთ მეგობრები აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, საფანგეთში, ესპანეთში, ჰკითხეთ მათ, რა ხდება იქ. ჩემი კოლეგები, პროფესორები და ჩემი ქართველი თანამოქალაქეები, მათ შორის, მეგობრები და ნათესავები ისეთ რამეებს ჰყვებიან, ისეთი რამე აქ რომ ხდებოდეს, ჯერ არ დაიჯერებთ და მერე ამას ბრიფინგები არ ეყოფა. პაციენტები ავად ხდებიან და ერთადერთ რჩევას აძლევენ - დარჩი სახლშიო. სანამ ძალიან ცუდად არ გახდებიან, სანამ სუნთქვის უკმარისობა არ გაუჩნდებათ, მათ არ აქვთ ექიმების და საწოლების რესურსი, რომ ასეთი ავადმყოფი ექიმმა ნახოს, საავადმყოფოში დააწვინოს და აქტიური დახმარება გაუწიოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ის საზოგადოებას სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებს:
„ევროპის და შესაძლოა, მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მოსახლეობა არაა ასე დაცული, როგორც საქართველოს მოსახლეობაა დაცული ამ ინფექციისგან. იმ შემთხვევაში, თუკი, ვიღაც ავად გახდება და ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანები ვართ, მაშინ უკვე ექიმები ვკისრულობთ პასუხისმგებლობას. მთავრობა კისრულობს პასუხიმსგებლობას, რომ ისინი ავად არ გახდნენ ამ ინფექციით, თუკი, ავად გახდნენ, ექიმები ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, რომ მათი სიცოცხლე დაცული იყოს და ლეტალობის შემეთხვევები ერთეულს არ გაცდეს, რასაც თავიდან ვერ ავიცილებთ. სამივე გარდაცვლილი ჩვენთან იყო 79 წლის ასაკის და მეტის - 79, 81 და 86 წლის. საქართველოში 79 წლეზე ნაკლების არავინ გარდაცვლილა, მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანაში გარდაცვლილების 20% ახალგაზრდა ასაკისაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ტესტირება სწორი ალგორითმით მიმდინარეობს:
„სწრაფი ტესტები უკვე არის ქვეყანაში. რამდენადაც ვიცი, 4000 სწრაფი ტესტი იყო სამი დღის წინ და ელოდებოდნენ უფრო და უფრო დიდ პარტიას. ყველაზე მეტი ტესტირება გაკეთებულია ისლანდიაში და სულ მოსახლეობის 4.75 % პროცენტი მოიცვეს, მეტი ვერა. სწორი ტესტირება ნიშნავს იმას, რომ თუ თბილისში მილიონ 200 000 ადამიანი ცხოვრობს, ყველას კი არ გაუკეთო ტესტირება, რასაც ვერ შეძლებ უბრალოდ, სწორი ტესტირება ნიშნავს იმას, რომ სწორად შერჩეული ალგორითმით და პრინციპით გამოარჩიო ამ მილიონ 200 000 თუნდაც ის 10 000 ადამიანი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს დაავადება და ის 10 000 გატესტო და ეს რომ ჩვენთან სწორად კეთდება, ამაზე მიუთითებს მონაცემები, რომელიც იმდენად მიუკერძოებელი და შეუვალია, რომ აქ ვერაფერს იზამ,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


