„იქნება არა აფეთქება, არამედ მდორე პიკი და ეპიდემია ქვემოთ თვენახევარში წავა“
07/04/2020 14:23:05 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პიკი იქნება 2–3 კვირის შემდეგ და ეს იქნება „მდორე პიკი“.
„ჩემი პროგნოზით პიკი იქნება 2–3 კვირის შემდეგ და ეს იქნება მდორე პიკი და არა აფეთქება. ეს პიკი კიდევ 2–3 კვირის მანძილზე შენარჩუნდება და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ ეპიდემია ქვემოთ წავა. ამდენად, 21 საუკუნის ყველაზე მძიმე გამოწვევიდან საქართველო გამოვა მინიმალური დანაკარგით და შემდეგ მოგვიწევს ერთად დგომა ისევე, როგორც ახლა ვართ, რომ გამოვიდეთ ეკონომიკური კრიზისიდან“,– განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას, ცერცვაძე 1000 მაქსიმუმ, 2000–ის ფარგლებში პროგნოზირებს.
ცერცვაძის თქმით, საკუთარი შედეგებით კორონავირუსთან გამკლავების კონტექსტში საქართველო ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, 53 ქვეყანას შორის 50–ე ადგილზეა:
"ჩვენზე პირობითად უკეთესი მდგომარეობა ინფიცირებულებისა და სიკვდილიანობის მხრივ აქვთ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი და ჩვენზე მეტი ჰყავს დანარჩენ 50 ქვეყანას ევროპის, ასევე ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლუქსემბურგი, 2000-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს და 300 ათასი მოსახლეობა და ისლანდია, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500 ავადმყოფი ჰყავს.
მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება, ჩვენ ალბათ, არც ვიცით. ესაა ტროპიკული სახელმწიფოები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით და მითუმეტეს, მათგან მოწოდებული აღრიცხვა როგორია, არ ვიცით“.
მისივე თქმით, საქართველოში ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა "სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ"
ცნობისთვის: საქართველოში ახალი კორონავირუსის 195 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 45 პაციენტი განიკურნა, სამი კი გარდაიცვალა.


