საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
07/04/2020 13:58:46 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
პაციენტი 86 წლის იყო.
“დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა კოვიდ-19-ით გარდაცვალების რიგით მე-3 შემთხვევა ქვეყნისთვის და პირველი ჩვენი საავადმყოფოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტია ჩვენთანაა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი ალბათ, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. გარდა იმისა, რომ ის 86 წლის იყო, მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები. 2 კვირის მანძილზე ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. ვფიქრობ, უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან და გადარჩენა ვერ მოხერხდა”, - განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე ცნობით, გარდაცვლილი ქალის ორი შვილი ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
გარდაცვლილი ქალი 86 წლის იყო. ეს იყო სავარაუდოდ, ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც საქართველოს სინამდვილეში ეპიდემიის გაჩენიდან ყოფილა. რომელ კლასტერს მიეკუთვნებოდა, ეს რომ გითხრათ, ახლოს იქნება პერსონალური ინფორმაციის გავრცელებასთან, რადგან ყველამ იცის ეს კლასტერი. იყო ოჯახური შემთხვევა, მისი ორი შვილი ჩვენს კლინიკაში იწვა. ისინი გამოჯანმრთელდნენ და დღე-დღეზე გაეწერებიან. ქალი დღეს, ორ საათზე გარდაიცვალა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
რამდენიმე დღის წინ, კოვიდინფექციით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.


