"თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ს სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას"
07/04/2020 13:41:53 საზოგადოება
აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ს სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ამ სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აგრარული ბაზრები დიდწილად ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძირითადად აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული.
თუმცა, იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც შეეძლება ადგილზე არსებულ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს, შტაბებს, რომლებიც რეგიონალურ ჭრილში გუბერნატორებთან ერთად არსებობს. კონკრეტულად, უფრო დეტალურად მოგახსენებთ, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შედეგად, რომელიც შეიმუშავა გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.“, - განაცხადა მინისტრმა.
დავითაშვილის განცხადებით, აგრარული ბაზრის მუშაობის და მოვაჭრეთა ქცევის წესები ხელმისაწვდომია სურსათის უვნებლობის სამსახურის ვებგვერდზე.
დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 383 მოქალაქე რჩება. გარდაცვლილია 2 ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.


