Accentnews.ge
კვლევა – ფეხმძიმე ქალების უმეტესობას კორონავირუსის გადატანა უფრო იოლად შეუძლია, ვიდრე გრიპის

კვლევა – ფეხმძიმე ქალების უმეტესობას კორონავირუსის გადატანა უფრო იოლად შეუძლია, ვიდრე გრიპის

07/04/2020 11:36:30 საზოგადოება

ახალი კორონავირუსით (Covid-19) ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალების უმეტესობაში ვირუსი არ მიმდინარეობს ისეთი სიმწვავით, როგორც ეს ზოგადად გრიპისა და დაავადება „სარსის“ დროს ხდება, – ნათქვამია კვლევაში, რომელსაც ამერიკული ჟურნალი „Obstetrics & Gynecology“ აქვეყნებს.

ამასთან, კვლევის შედეგების თანახმად, არც ერთ შემთხვევაში ახალშობილს Covid-19 არ დაუდასტურდა.

„13–დან 27 მარტის ჩათვლით პერიოდში მკვლევარებმა დაკვირვება 43 ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალზე განახორციელეს. შედეგების თანახმად, მათ ინფიცირებულთა 80%–ში დაავადება ძალიან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა, 15%–ში საშუალო ფორმით, 5%–ში –მძიმე ფორმით. თუმცა არც ერთ მათგანს მართვით სუნთქვაზე გადაყვანა არ დასჭირვებია. 43–ივე ინფიცირებულის ახალშობილს დაბადებისთანავე გაუკეთდა ტესტი და არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – ნათქვამია კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით 2 ფეხმძიმე ქალია დაავადებული. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ორი ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. მისივე თქმით, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მათ შემთხვევაში არანაირი გართულება არ გამოვლენილა.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 74 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 300 000–ს გადააჭარბა, 287 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S