"კორონავირუსი უნდა მოიხადოს კაცობრიობამ, 80 %-მა აკლინიკური, 20%-მა საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით"
07/04/2020 07:59:02 საზოგადოება
"ახალი კორონავირუსი უნდა მოიხადოს კაცობრიობამ, 80 %-მა აკლინიკური, 20%-მა საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით", – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.
„ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


