რა შეცვალა ბრონქსის ზოოპარკში კორონავირუსით ვეფხვის დაინფიცირებამ – გურიელიძის განმარტება
06/04/2020 12:58:42 საზოგადოება
თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, აშშ–ში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვის – „ნადიას“ დაინფიცირების ფაქტი ამ დროისთვის ერთადერთია და მსგავსი შემთხვევა არც ერთ სხვა ზოოპაერკში არ დაფიქსირებულა, ერთი ფაქტით კი ტენდენციაზე ვერ ვიმსჯელებთ. როგორც ცნობილია, რომ ვეფხვს კორონავირუსი უსიმპტომო მომვლელისგან გადაედო.
როგორც გურიელიძე ამბობს, მათ ყოველდღიური კონტაქტი აქვთ ზოოპარკების საერთაშორისო და ზოოპარკებისა და გარეულ ცხოველთა ვეტერინარების ევროპულ ასოციაციებთან და ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსის კონტექსტში რაიმე განსაკუთრებულ რეკომენდაციებზე საუბარი არ არის.
„არსებობს სხვადასხვა ტიპის კორონავირუსები – კატების, ძაღლების, რქოსანი პირუტყვის, ყველა შემთხვევაში რეკომენდაციები მგავსია, რაც ადამიანების შემთხვევაში – უნდა დავიცვათ ჰიგიენა, ნაკლები სტრესის ქვეშ უნდა იყვნენ ცხოველები... რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია, ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობის შესახებ არ მიღებულა, რადგანაც რეკომენდაციები ისედაც მკაცრია, როდესაც ცხოველებთან ვმუშაობთ. ნადიას ამბავი ერთადერთია, სხვა ზოოპარკებში მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა და ეს ფაქტი ალბათ დამატებით გამოკვლევას ითხოვს. ველოდებით ინსტრუქციებს“,– განაცხადა გურიელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, ზოოპარკის ვეტერინარული სამსახური 24–საათიან რეჟიმში მუშაობს.
„ამჟამად ზოოპარკი დაკეტილია, მაგრამ ვინაიდან ცხოველები თავს ვერ მოუვლიან, თანამშრომლები მუშაობენ. ასევე მუშაობს ჩვენი ვეტერინარული სამსახური, ყოველდღიურად მიმდინარეობს ცხოველებზე დაკვირვება. არა მხოლოდ კორონავირუსია სახიფათო, სხვა უამრავი დაავადება არსებობს, რომლისგანაც დაზღვეული არავინაა. მონიტორინგი ამიტომაც მიმდინარეობს ყოველდღიურად და ჯერ მსგავსი არაფერი არ არის შემჩნეული“,– განაცხადა გურიელიძემ.
რაც სეეხება ინფორმაციას, რომ კატები ვირუსის გადამტანები არიან, გურიელიძის თქმით, ამ ეტაპზე მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს.
„ამაზე სამეცნიერო წყაროები არაფერს არ ამბობს. ინფორმაცია ალბათ იმიტომ გავრცელდა, რომ კატებს თავიანთი კორონავირუსები აქვთ. დაველოდთ მეცნიერების დასკვნებს“,– დასძინა გურიელიძემ.


