იმნაძე: "ქვეყანაში არის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ჩვენ დღეს არ ვიცით"
06/04/2020 09:59:24 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა არსებობს.
იმნაძეს შემდგი შენაარსის კითხვით მიმართეს, „საქართველო არის ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ევროპაში, სადაც ერთ მილიონ მოქალაქეზე ყველაზე ნაკლები ადამიანის ტესტირება ხდება. რატომ არ ხდება საქართველოში საყოველთაო ტესტირება და არის თუ არა დაუდგენელი შემთხვევები ნაღმი ქვეყნისთვის?“.
„დაუდგენელი შემთხვევები რომ ნაღმი იყო ქვეყნებისთვის, ეს აჩვენა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ. ამას ღიად ვამბობთ – რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით. ამ კითხვაზე ერთი ასეთი პასუხი გამახსენდა, ფრინველის გრიპი რომ იყო, ჟირინოვსკი გამოვიდა რუსეთის ტელევიზიით და თქვა, რომ რუსეთის საზღვრებზე სარაკეტო ძალები დავაყენოთო და ყველა გადამფრენი მფრინველი ჩამოვაგდოთო. ჩემი პასუხი ეს არის“ , – განაცხად პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 36 გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა, ორი უცხოელი კი სამშობლოში გაემგზავრა. ამდენად, ამჟამად მკურნალობას 150 პაციენტი გადის, მათგან რამდენიმეს გასაწერად ამზადებენ.


