ვინ ფარავს საქართველოში კორონავირუსით მკურნალობის ხარჯებს
06/04/2020 09:51:29 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ. ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ გაიმართება მოლაპარაკებები და გადაწყვეტილება შემდეგ გახდება ცნობილი.
„დღევანდელ ეტაპზე, კოვიდინფექციაზე მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა მოსაზრებები არსებობს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ, როგორც ონლაინმომსახურებაში, თავად ონლაინ ხაზის გასაძლიერებლად, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ და ეს საკითხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 36 გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა, ორი უცხოელი კი სამშობლოში გაემგზავრა. ამდენად, ამჟამად მკურნალობას 150 პაციენტი გადის, მათგან რამდენიმეს გასაწერად ამზადებენ.


