"შესაძლოა, ჩვენთან პიკი არ იყოს მაღალი და საქართველომ ბევრად უფრო იოლად გადაიტანოს პანდემია“
06/04/2020 05:32:12 საზოგადოება
ცენტრალური ინფექციური საავადმუოფოს ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას შეფასებით, ახალი ტიპის კორონავირუსული შემთხვევების ზრდის დინამიკა სადღეისოდ დამაკმაყოფილებელია.
"როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები აპრილის დასაწყისიდან დაიწყებოდა, ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ეს ტენდენცია შეიმჩნევა, თუმცა არსებული დინამიკა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და განიხილება, როგორც კარგი სცენარი"- განაცხადა გოგინავამ „იმედის" ეთერში.
ალექსანდრე გოგინავამ მიმდინარე კვირას პრეკრიზისული უწოდა, რომლის შემდეგაც 2 კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევები მოიმატებს.
„თუმცა ეს დინამიკა მაძლევს ისეთ განცდას, რომ შესაძლებელია, ჩვენთან პიკი არ იყოს ისეთი მაღალი, როგორც სხვა ქვეყნებში და საქართველომ ბევრად უფრო იოლად გადაიტანოს პანდემია“- აცხადებს გოგინავა.
ის პიკის დასრულებას აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ვარაუდობს.
საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა.


