"მიმდინარეობს ყველა იმ ექიმების მობილიზაცია და გადამზადება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩაერთვება"
04/04/2020 19:00:54 საზოგადოება
"მიმდინარეობს ყველა იმ ექიმების მობილიზაცია და გადამზადება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩაერთვება", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
„საერთო ჯამში, გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია, ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით და ასევე გვაქვს იმის საშუალება, რომ 5000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ უკვე საკარანტინო ზონებში, რომელთა მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ის საშუალო რიცხვი, რომელიც დღეს საქართველოს შეუძლია მართოს, არის დაახლოებით 10 000-მდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალური სერვისების რესურსიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში არის 15 000-მდე საწოლი, ჩვენ შეგვიძლია, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენ გვყავს გარკვეული რესურსი ექიმებისა და თანაფარდობა საწოლფონდისა და ექიმების არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ეტაპისთვის სამინისტრო მუშაობს ყველა იმ ექიმის მობილიზაციასა და დატრენინგებაზე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გახდეს საჭირო, რომ ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი, რომ ექიმებმა დაიცვან ყველა ის მითითება, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან არის გაცემული და პაციენტთან მივიდნენ სრულად აღჭურვილები განსაზღვრული ნორმების დაცვით.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. 162 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევა.


