„წინ დიდი ბრძოლები გველის, ყველანი მზად უნდა ვიყოთ, რომ მსგავს დარტყმებს გავუძლოთ“
04/04/2020 09:42:29 საზოგადოება
პრემიერ–მინისტრი გახარია კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტის გამო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, უსამძიმრებს და მხარდაჭერას უცხადებს ექიმებს.
„მინდა, ექიმები გავამხნევო, რადგან წინ, უახლოესი კვირეების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველის, ყველანი მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მსგავს დარტყმებს გავუძლოთ“,– განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა არ იქნება და თუ ზომების გამკაცრება საჭირო გახდება, მთავრობა მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამასთან, გახარია ამბობს, რომ ქვეყანა ორ ფრონტზე იბრძვის – ადამიანების და ეკონომიკის გადასარჩენად და სწორი ბალანსის მოძებნა მთავრობის პასუხაიმგებლობაა:
„მისი სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა. სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. ამ შემთხვევამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე ვიღავის სურვილი არაა – ესაა ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უპირველესად, პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. ფაქტი, რომელიც მოხდა, უკიდურესად საგანგაშოა. ეს არის ის ზარი, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანების სიცოცხლეებთან დაკავშირებით არანაირი კომპრომისი არ იქნება: თუ იქნება შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება საჭირო, გავამკაცრებთ“.
4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.


