თბილისის ინფექციურში სამედიცინო ეკიპირების მარაგებს ელოდებიან
04/04/2020 07:00:11 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 კვირისთვის საკმარისი სამედიცინო ეკიპირება არსებობს, თუმცა დამატებით მარაგებს ელოდებიან.
ამასთან, ეზუგბაიამ ისაუბრა პაციენტების შესახებ და აღნიშნა, რომ გუშინ, დღის პირველ ნახევარში შესული პაციენტების შემდეგ, დადასტურებული შემთხვევები არ მიუღიათ.
„ჩვენს ცენტრში ორი ექიმის გამოკვლევა მოხდა, ორივესთან პასუხი ნეგატიური იყო, მათ კოვიდის ინფექცია არ დაუდასტურდათ. ეროვნული ბანკის თანამშრომლების მდგომარეობა სტაბილურია. 8 ახალი პაციენტი არის და არ ვიცი მათში ეროვნული ბანკის თანამშრომელი რამდენია, ეს ჩემ კომპეტენციებს ცდება. ჩვენთან ამ დროისთვის დადასტურებული 39 პაციენტია, დღეს ალბათ, კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება და 38 დაგვრჩება.
გუშინ, დღის პირველნახევარში შემოსული პაციენტების შემდეგ, დადასტურებული შემთხვევები აღარ მიგვიღია. დღეს 11 პაციენტს ჩაუტარებენ ტესტირებას, ანუ შემოსულ ახალ პაციენტებს და ასევე, ჩვენს პაციენტებს, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგსაც ვიწყებთ. დაახლოებით, 3 პაციენტზე გვაქვს კვლევა-მონიტორინგი და ალბათ, სამივესთან დადასტურებული პასუხი უნდა მივიღოთ, ესენი უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც ჩვენთან არიან შემოსულები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


