სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა
03/04/2020 16:39:09 საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. იგი მეუღლისგან დაინფიცირდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობს.
„ეს ადამიანი არის უმცროსი ექიმი. იგი დაინფიცირდა მისი მეუღლისგან, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულმა პიროვნებამ ბოლოს სამუშაო მორიგეობა 31 მარტს შეასრულა, ხოლო სიმპტომები გუშინ გამოუვლინდა. ვისაც კი მასთან კონტაქტი ჰქონდა, ყველა თვითიზოლაციაშია. რისკი იმისა, რომ მისი გარშემომყოფები, როგორც თანამშრომლები, ასევე პაციენტები იყვნენ დაინფიცირებულები არის დაბალი. ამასთან, მინდა, განვაცხადო, რომ აღნიშნული ბრიგადა ისევე, როგორც ყველა ბრიგადა გამოძახებაზე დადის შესაბამისი ეკიპირებით და თითქმის არ არის შანსი იმისა, რომ დაინფიცირდეს სამედიცინო პერსონალი პაციენტისგან, ან პირიქით პაციენტი – სამედიცინო პერსონალისგან“, - განაცხადა სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.
მისივე თქმით, ცენტრის არც ერთი ფილიალი დაკეტილი არ არის. "გაგვაჩნია რესურსი იმისა, რომ ასეთ დროს მოვახდინოთ ჩანაცვლება და მოხდეს ჩვენი მომსახურების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება მოსახლეობისთვის".
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.


