„ქვეყანაში ახალი ინფიცირებულები ჯერ–ჯერობით არ შეგვმატებია“
03/04/2020 15:40:52 საზოგადოება
„ახალი ინფიცირებულები ჯერ–ჯერობით არ შეგვმატებია“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა. 148 დადასტურებული შემთხვევა რჩება აქამდე და ჩვენს კლინიკაშიც კვლავ 40 დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენი საავადმყოფოდან დღეს 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ლუგარში კვლევის პროცესი მიმდინარეობს და განახლებული მონაცემები დილისთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 53 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000 000–ს გადააჭარბა, 214 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


