ცერცვაძე იხსენებს, რატომ თქვეს უარი საქართველოში ჯანმო–ს რეკომენდაციაზე
03/04/2020 14:24:47 საზოგადოება
ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ ამოიღეს საქართველოში ჯანმოს რეკომენდაციებიდან ერთ–ერთი პუნქტი. როგორც ცერცვაძე განმარტავს, აღნიშნული ჩანაწერი მოგვიანებით „უადგილო აღმოჩნდა“.
„როდესაც გაჩნდა ახალი ინფექცია [კორონავირუსი], ჩვენ ამ პრობლემის კლინიკური ნაწილის ხელმძღვანელობა შემოგვთავაზეს. პირადად მე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობამ – ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ მივიღეთ ერთი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება: თავიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობდით. მთელი მსოფლიო ასე ხელმძღვანელობდა. იქ ეწერა ერთი რამ, რაც შემდეგ ცოტა უადგილო ჩანაწერი აღმოჩნდა – შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად განიხილეთ პაციენტი, რომელსაც მწვავე რესპირაციული ინფექცია აქვს და ტემპერატურა 38 გრადუსი ან მეტი, ხველა და ა.შ. ასე თვლიდნენ მაშინ. ჩვენ უკვე გვქონდა მოპოვებული ცნობები, რომ ეს ყოველთვის ასე არაა: შესაძლოა, დაავადება უსიმპტომოდ მიდიოდეს, 80%–ში კი მსუბუქად. ცოტა თავხედობა ჩავიდინეთ, თავს უფლება მივეცით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეს მოთხოვნა – ტემპერატურის მოთხოვნა, როგორც ამ დაავადების განმსაზღვრელი, საერთოდ ამოვიღეთ. ეს რომ არ გვექნა, შესაძლოა, ბევრი სხვა ქვეყნებივით უამრავი შემთხვევა გვქონოდა: მხოლოდ 1/3–ს ჰქონდა ტემპერატურა 38 და ზევით, ყველა დანარჩენი კი ჩვენ გაგვეპარებოდა – არ ჩაითვლებოდნენ საეჭვო შემთხვევად და ანალიზი არ გაუკეთდებოდათ. ისინი დღეს საქართველოში იქნებოდნენ გაფანტულები და შესაძლოა, ნახევარი საქართველო დაესნებოვნებინათ. ეს მოხდა იტალიაში“,– იხსენებს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ცერცვაძე.
მისივე შეფასებით, საქარველოს ტესტირების შესაძლებლობაც მნიშვნელოვნად დაეხმარა:
„საქართველო იყო მსოფლიოში მესამე თუ მეოთხე ქვეყანა, ვინც ტესტების კეთება დაიწყო. ძალიან ბევრი, ჩვენზე ძლიერი ქვეყნები ვერ აკეთებდნენ ამ ტესტს [ტესტი კორონავირუსზე]. ესეც არის ერთ–ერთი მიზეზი, რომ დღეს ასეთი მცირე გავრცელებაა საქართველოში – ეპიდემია რომ გაჩნდა, ლუგარის ლაბორატორიამ ხუთ დღეში ტესტირება დაიწყო. ლუგარი რომ არ ყოფილიყო, ინფექციური საავადმყოფო და დანარჩენები ამ ტესტებს უკეთეს შემთხვევაში, ერთი ან ორი თვის შემდეგ მოვიპოვებდით და მანამდე რამდენი შემთხვევა გავრცელდებოდა, არავინ იცის“.
ცერცვაძე ამბობს, რომ შემთხვევების რაოდენობა იმატებს, თუმცა პანიკა საჭირო არაა:
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასეთ იდეალურ სიტუაციას შევინარჩუნებთ: ქვეყნის შიგნით შიდა გავრცელების ეტაპი დაიწყო. მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა. მაგრამ დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ზრდის პირობებშიც კი ჩვენთან ეპიდემია იმ მასშტაბებს არ მიაღწევს, რაც ხდება ევროპაში...
კატეგორიულად არაა საჭირო პანიკა. არ უნდა გვეშინოდეს, უბრალოდ ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ. აგდებით არ უნდა მოვეკიდოთ“.
ცნობისთვის: 3 აპრილის მდგომარეობით საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 27 გამოჯანმრთელდა.
დაავადების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


