პედიატრი: „ბევრი მშობელი მეკითხება, „შემიძლია ბავშვი ეზოში გავასეირნოთ“? არა!“
03/04/2020 08:19:11 საზოგადოება
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ნუგზარ უბერი მშობლებს თხოვნით მიმართავს, ბავშვები გარეთ არ გაიყვანონ.
როგორც პედიატრი განმარტავს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები ეხება ყველას, განურჩევლად ასაკისა, თუმცა საზოგადოებამ მოზარდილები ბავშვებისგან გამოაცალკევა.
„როგორც ექიმი, მამა და ბაბუა გთხოვთ, არ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ! ძალიან ბევრ მშობელს ბავშვი გარეთ გამოჰყავს, შეჰყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად არ აქვთ ათვისებული, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ბავშვებს. ცხადია, ბავშვების სახლში ჩაკეტვა ურთულესია და აქაც ჯანმო გვასწავლის, როგორ დავეხმაროთ მათ გაუმკლავდნენ სტრესს COVID-19-ის პირობებში. ძალიან ბევრი მშობელი მირეკავს და მეკითხება, ხომ შემიძლია გავასეირნოთ ბავშვი ეზოში? არა, არ შეიძლება! რადგან საშიშია. საშიშია ეზო, სადარბაზო, ლიფტი და ყველა ის შესაძლო კონტაქტი, რომელიც ბავშვს შეიძლება, ჰქონდეს. სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ექიმთან დროული მიმართვიანობა და მაქსიმალური სიფრთხილე უმ ან ნახევრად მოხარშულ პროდუქტებთან - ეს არის ის რეკომენდაციები, რითაც ინფექციას თავიდან ავიცილებთ“, - განაცხადა პედიატრმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.


