24 საათში 18 ახალი პაციენტი – ეზუგბაია ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს
03/04/2020 06:44:28 საზოგადოება
ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შეფასებით, ამ ეტაპზე ვითარება კონტროლირებადია. ამის შესახებ მან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 შემთხ ვევა გამოვიდა. ოთხი–ხუთი დღის განმავლობაში 115–დან 148 შემთხვევაზე ავედით. ეს არ არის დიდი ციფრი, თუ ჩვენ ასე, ზოიერი, კონტროლირებადი ციფრებით გავაგრძელებთ, ალბათ შევძლებთ, გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა დიდი დანაკლისების და არეულობების გარეშე. დღეში 18–20 პაციენტი რომ იყოს, ეს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც მეოთხეულ გადაცემაზე – ანუ შიდა გადაცემაზე ვლაპარაკობთ. ეს მაჩვენებლები აბსოლუტურად მისაღებია, ნორმაში ეტევა და არაა კატასტროფა. ნუ გვექნება უფრო მეტი მაჩვენებელი, რომელიც არაკონტროლირებადს გახდის სიტუაციას. ჯერ ყველაფერი კონტროლირბადია და იმედია, ასე დავასრულებთ",– განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ახალი პაციენტებიდან 5–ს პნევმონია აქვს, დანარჩენები კი საშუალო და მსუბუქად ფასდებიან. ამასთან, 5 მძიმე პაციენტიდან ორთან ვიტარების გაუმჯობესება შეინიშნება, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დასტაბილურდა.
ცნობისთვის: დილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 148 პირს აქვს დადასტურებული, მათგან 27 გამოჯანმრთელდა, ორი უცხოელი კი საკუთარ ქვეყანაში გაემგზავრა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მოქმედებს მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის – აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, ღამის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ქუჩაში მოძრაობა.


