"კორონავირუსი ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის სრულიად ახალგაზრდებსაც"
02/04/2020 20:06:28 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახალგაზრდებსაც.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დაავადება მართალია, გაცილებით ნაკლებ პროცენტში, მაგრამ ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის 60 წელზე ნაკლები ასაკის პირებს და სრულიად ახალგაზრდებსაც კი. ამაზე მეტყველებს უცხოეთის ქვეყნებში არსებული სამწუხარო შემთხვევები. მათ შორის – ძალიან ბევრი ჩინეთში და იტალიაში. აშშ-ის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გარდაცვლილთა 20% ახალგაზრდა ასაკის იყო. ამას წინათ გამოქვეყნდა შემთხვევა, როდესაც საფრანგეთში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა. ასე რომ, დაცული არც ერთი ჯგუფი არ არის და ამიტომ, ასაკი არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანმა არ დაიცვას უსაფრთხოების ზომები და ზედმეტად გათამამდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, ვინაიდან რისკის ჯგუფი გაფართოვდა, შესაბამისად გაფართოვდა იმ პირების სია, ვინც გამოკვლევას ექვემდებარება:
„შესაძლო შემთხვევის ახალი ალგორითმით კონტიგენტი გაფართოვდა და გაკეთდა სამი პაკეტი. პირველ პაკეტად დარჩა ის, რაც თავიდან, ეპიდემიის დაწყებიდან იყო. მეორე პაკეტი ეს არის პაციენტები, რომლებსაც არავითარი სიმპტომი არ აქვთ, მაგრამ აქვთ მხოლოდ რისკის ქცევა. მაგალითად, იყვნენ უცხოეთში, უცხოეთიდან ჩამოსულ პიროვნებას სტუმრობდნენ, ან კონტაქტში იყვნენ საეჭვო ავადმყოფთან, მაგრამ არავითარი კონტაქტები არ აქვთ. აი, ეს ჯგუფიც განისაზღვრა, როგორც რისკის ჯგუფი და ეს არის მეორე პაკეტი. ამ მეორე პაკეტში ჯანდაცვის მუშაკებიც იგულისხმება. მესამე პაკეტი პირიქით ისაა, ვისაც აქვს რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, იგივე ცხელება, ან ხველა, მაგრამ არანაირი რისკის ქცევა არ ჰქონიათ. ყოველ შემთხვევაში, მან არ იცის. არც უცხოეთში ყოფილა, არც უცხოელი სტუმრისთვის უმასპინძლია და არც კონტაქტში ყოფილა ავადმყოფებთან. როდესაც ჯგუფი ასე გაფართოვდა, შესაბამისად, მკვეთრად გაფართოვდა იმ პირების სია, ვინც გამოკვლევას ექვემდებარება“.


