სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა
02/04/2020 12:50:34 საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არჩილ მინდიაშვილი 1973 წლიდან მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა ორგანიზაციაში. იგი 1991 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარ არქიტექტორად; 1995 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1998 წლიდან ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება „კათედრალს“; ხელმძღვანელობდა საეკლესიო დანიშნულების 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი კომპლექსისა თუ ობიექტის მშენებლობას, მათ შორის: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი თბილისში (1995-2004); წმინდა ილია თეზბიტელის ტაძარი და სამრეკლო (წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში, 1998 წელი) და სხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში; იყო სხვადასხვა არქიტექტურული კონკურსების, მათ შორის: თბილისის საცხოვრებელი კვარტალების კეთილმოწყობის პროექტის (II პრემია, 1972), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების ინტერიერის (1976), თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების (1984), წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის (1989-1990) და სხვა კონკურსების გამარჯვებული.
არჩილ მინდიაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, წმინდა გიორგისა და ღირსების ორდენების კავალერი.


