ტურისტი, რომლის გამოც გუდაური ჩაიკეტა, იხსენებს, როგორ მოხვდა საქართველოში
02/04/2020 08:53:13 საზოგადოება
ჩეხი ალპინისტი, რომლის გამოც გუდაური ჩაიკეტა, კორონავირუსისგან განიკურნა. როგორც რომან კოზელკა ჩეხურ მედიასთან იხსენებს, მან ჩეხეთი ისე დატოვა, რომ სიცხე არ გაუზომიათ და თავი შეუძლოდ უკვე საქართველოში – გუდაურში იგრძნო.
მისივე თქმით, ინფექციის დადასტურების შემდეგ თავი ვალდებულად ჩათვალა, ინფორმაცია ყველა იმ პირს მიეწოდებინა, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა.
"150 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს იმ რესტორნების თანამშრომელთა ჩათვლით, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით", - აცხადებს ტურისტი.
ამასთან, როგორც ტურისტი აცხადებს, მან ბიზნესი დაკარგა, რადგან მისი ტურისტული ფირმა პანდემიის გამო გაკოტრდა.
ცნობისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სამთხო-სათხილამურო კურორტები 16 მარტს ჩაიკეტა.
მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების დროებითი დახურვა უკავშირდება ჩეხ ტურისტს, რომელსაც გუდაურში მოგზაურობის დროს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო. მან არ დამალა, ღიად დარეკა და დააფიქსირა და ფოტომასალით აღწერა ის მარშრუტი, რომელ მარშრუტზეც ის იმყოფებოდა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ".


