ციხელაშვილი: "ტატუნაშვილის მკვლელები დღემდე დაუსჯელები არიან"
02/04/2020 07:22:31 საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დღემდე დაუსჯელნი არიან მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. ცხინვალში წამებით მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა.
„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 37 წლის გახდებოდა. გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვის და მისი გმირობის ამბავი. მისი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია, მან დათმო ფაქტობრივად სამშობლოსთვის ბრძოლაში და ღირსებისთვის ბრძოლაში. ოკუპირებულ ცხინვალში შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი სასტიკი წამებით რეჟიმმა ფაქტობრივად მოკლა და დღემდე მისი მკვლელები, დამნაშავეები დაუსჯელნი არიან მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი. ეს არის კიდევ ერთი ძალიან სასტიკი და ტრაგიკული მაგალითიც და შეხსენებაც იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ალბათ, დღეს აი ამ რთულ პერიოდში ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე უფრო მაღალი ღირებულება. დაუშვებელია ის, რომ ადამიანები იყვნენ ტყვეობაში რეჟიმის მაშინ, როდესაც სიცოცხლესა და ჯანმრთელობა ემუქრება საფრთხე. დღეს მაინც, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული გონივრული ნაბიჯები გადაიდგმება და აღარ დავუშვებთ მსხვერპლს ახალგაზრდების, მოხუცების თუ ბავშვების, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, სჭირდებათ გამკლავება თუნდაც პანდემიასთან, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა ხელოვნური ბარიკადები, დაუნდობელი შეზღუდვები თუ რეჟიმი არ გახდება ამის დაბრკოლება“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
2018 წელს, 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ტატუნაშვილი სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა.


