პრემიერი: "აკადემიური წლის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დგას"
01/04/2020 21:14:04 საზოგადოება
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დისტანციური განათლება ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, დაიწყო ზრუნვა დისტანციური განათლების განვითარებაზე:
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამყარო იცვლება და მსგავსი ბრძოლები და გამოწვევები ადამიანს აიძულებენ, საერთოდ შეცვალოს ქცევის მოდელები. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ განათლებას, მერწმუნეთ, ეს შეეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს შეეხება ადამიანის ყოფის ყველა სფეროს, რადგან ეს არის გამოწვევა, რომელთან ადაპტაციაც ერთმნიშვნელოვნად მოგვიწევს. დღეს ვერავინ იტყვის, ჩვენ ამ ბრძოლაში ყოფნა მოგვიწევს ერთი თვე, ერთი წელი, თუ ორი წელი, სხვადასხვა შეფასება არსებობს. ეს ჩვენთვის ნიშნავს ერთ რამეს, ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, რათა მსგავსი ბრძოლების პირობებში გავაგრძელოთ ყოველდღიური ცხოვრება, ეკონომიკამ განაგრძოს ზრდა, განვაგრძოთ განათლების მიღება, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა განაგრძოს თავისი სრულფასოვანი ფუნქციის შესრულება. მესმის, რომ ეს შეიძლება დღეს გასააზრებლად მძიმე იყოს, მესმის, რომ ამის თქმაც შეიძლება საკმაოდ თამამი იყოს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ღია და ობიექტური შეფასების საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს“.


