JAHA: „წნევის მედიკამენტები შესაძლოა, კორონავირუსის რისკს ზრდიდეს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და კარდიოლოგები პაციენტებს მოუწოდებენ, არ შეწყვიტონ ამ წამლების მიღება“
01/04/2020 13:05:22 საზოგადოება
ამერიკელი კარდიოლოგების ვარაუდით, არტერიული წნევის გარკვეული მედიკამენტები შესაძლოა, ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდიდეს, თუმცა პაციენტებს მოუწოდებენ, რომ მიუხედავად ამ კითხვებისა, განაგრძონ წნევის წამლების მიღება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი „ამერიკის გულის ასოციაცია“ (JAHA) ავრცელებს.
მისივე ცნობით, საუბარია წამლებზე, რომლებიც ცნობილია როგორც აგფ (ACE) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკერები (ARB).
„დადგენილია, რომ ახალი კორონავირუსი სხეულის უჯრედებში ACE2–ის მეშვეობით შედის. შესაბამისად, არსებობს გარკვეული ვარაუდი, რომ გულის და არტერიული წნევის მედიკამენტებმა, შესაძლოა, პაციენტები კორონავირუსით ინფიცირების მიმართ უფრო მოწყვლადები გახადოს. თუმცა ეს ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდია და სანამ უფრო სიღრმისეული კვლევა არ ჩატარდება და ზუსტი დასკვნა არ დაიდება, ექიმები პაციენტებს მოუწოდებენ, არ შეწყვიტონ ამ წამლების მიღება“, – ნათქვამია ჟურნალ „ამერიკის გულის ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


