„საოკუპაციო ზოლზე უფრო მეტი პოლიციელი დგას, ვიდრე აქამდე იყო“
01/04/2020 11:52:03 საზოგადოება
შს მინისტრ ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზზე მეტი პოლიციელი დგას, ვიდრე აქამდე იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შიდა ქართლში ვიზიტისას განუცხადა.
„საოკუპაციო ხაზი მოვინახულეთ. იცით, რომ მანამდე სამეგრელოში ვიყავით მთავრობის წევრებთან ერთად, ასევე ჩამოვედით აქაც – ცხინვალის მიმართულებაზე. აქ სიმშვიდეა. გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და კრიმინალურ პოლიციას ძალები მოვაკელით და სხვაგან გადავიყვანეთ. პირიქით –სადღეისოდ საოკუპაციო ზოლზე უფრო მეტი პოლიციელი დგას, ვიდრე აქამდე იყო“,– ირწმუნება გომელაური.
რაც შეეხება ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით ვითარებას, გომელაურის თქმით, შსს მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ქალაქები ისევე ჩაკეტონ, როგორც ეს მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევაში მოხდა.
„გუშინ დარღვევებს ველოდი, მაგრამ ძალიან ცოტა – საქართველოს მასშტაბით 17 დარღვევა იყო, რაც ჩვენც გაგვიკვირდა. სტატისტიკურად მეტს ველოდებიდით“,– დასძინა გომელაურმა.
ცნობისთვის: ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მოქმედებს მთელი რიგი შეზღუდვები.
რაც შეეხება კრიმინალურ შემთხვევებს, გომელაური ამბობს, რომ სტატისტიკურად ბევრად ნაკლები – ერთეული ფაქტები ფიქსირდება.


