როდის შეძლებს რუხის კლინიკა პირველი პაციენტის მიღებას – გაბუნიას განმარტება
01/04/2020 09:38:33 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, დაახლოებით 2–3 კვირა დასჭირდება რუხის კლინიკის მზადყოფნას პაციენტების მისაღებად. ამის შესახებ გაბუნიამ „აქცენტის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ცნობილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს სრული აღჭურვის შემდეგ სწორედ რუხის კლინიკა მიიღებს.
„რუხის კლინიკის მობილიზება მიმდინარეობს. 2–3 კვირა დასჭირდება იმას, რომ კლინიკა ბაზისური სერვისების მიწოდებისთვის იყოს მზად – კორონავირუსის მიზნებისთვის. აქ იგულისხმება პირველ რიგში იზოლირებული ოთახები, სადაც პაციენტებს სიცხით შეეძლებათ, დარჩნენ და კვალიფიციური ინფექციონისტის და სხვა თერაპიული პროფილის სპეციალისტების მომსახურეობა მიიღონ. ბაზისური ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის შეიქმნება შესაძლებლობა. უკვე მობილიზებულია სუნთვის აპარატები და მიმდინარეობს სისტემის გამართვა, რათა შემოწმდეს სისტემა, რომ სუნთვის აპარატების გამოყენებისთვისაც მზად ვიყოთ. ასევე პერსონალის მობილიზებაზეც მიმდინარეობს ჯერ–ჯერობი მახლობელი სამედიცინო დაწესებულებებიდან, რომლებიც ოპერირებენ სამეგრელოს რეგიონში, თუმცა მათ დღეს არ აქვთ დიდი ინფრასტრუქტურა და გაუჭირდებათ პაციენტების ნაკადების გაძლება. თუმცა პერსონალი იქ არის და მათი რუხის კლინიკისთვის გამოყენება, რა თქმა უნდა, მოხდება. მალე უფრო კონკრეტული თარიღის დასახელებას შევძლებთ, როდის მიიღებს რუხის კლინიკა პირველ პაციენტს“,– განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსი დადასტურებული არაა. თუმცა ორიოდ დღის წინ აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალბატონს, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი დაუდასტურდა.


