"კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ზოგიერთი ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა"
31/03/2020 06:51:48 საზოგადოება
"კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ზოგიერთი ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“დღეს დილას გვყავს 108 ინფიცირებული. გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან 3 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენს ცენტრის, დანარჩენი არის 6 სხვა დაწესებულებაში. ამ 108 პაციენტიდან საერთო ჯამში 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, 58 არის დანარჩენი 6 ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ახალი 11 პაციენტიდან კრიტიკული მდგომაროება არც ერთთან არ დასტურდება. ჩვენი ცენტრის შემთხვევების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული. დანარჩენ შემთხვევებთან, პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში არ არის ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივ დანარჩენებში ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული. 108 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.


