"კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი ინგლისის კლასტერიდანაა "
30/03/2020 15:50:42 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო სამი პაციენტიდან ორი მათ ცენტრში იმყოფება.
მისივე თქმით, მათი ისტორია ინგლისის კლასტერს უკავშირდება. რაც შეეხება მესამე პაციენტის ისტორიას, ეზუგბაია ამბობს, რომ მასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„დღეს დილით იყო 97, დაემატა სამი პაციენტი, დღეს საღამოს მონაცემებით გვაქვს 100 დადასტურებული შემთხვევა. დამატებული სამი პაციენტიდან ორი ჩვენთან არის დადასტურებული. ეს არის ინგლისის კლასტერიდან, ინგლისის წყაროდან, იმ ჯგუფიდან კიდევ ორი. ანუ, ამათი წყარო ცნობილია. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული. 100 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.


