კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ 4 წამლის კვლევის პირველადი შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი
30/03/2020 11:23:19 საზოგადოება
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ 4 წამლის კვლევის შედეგები მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ საფრანგეთის კვლევის მინისტრმა ფრედერიკე ვიდალმა განაცხადა.
„კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ სხვადასხვა წამლების კლინიკური კვლევების პირველადი შედეგები მიმდინარე კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი“, – განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ კვლევები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და მასში მონაწილეობას 3000 მოხალისე იღებს.
4 პრეპარატი, რომლის ცდა ამჟამად მიმდინარეობს:
- Remdesivir – შექმნილი იყო „ებოლას“ სამკურნალოდ
- Lopinavir-Ritonavir, – შექმნილია აივ-ინფექციის წინააღმდეგ სამკურნალოდ
- Hydroxychloroquine – მალარიის სამკურნალო პრეპარატი
- Interferon-beta
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპაში, აშშ–სა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 34 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 724 000–ს გადააჭარბა, 153 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული. 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.


