საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
30/03/2020 06:19:17 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამდენად, სადღეისოდ ინფიცირებულთა რიცხვი 97–მდეა გაზრდილი.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 97 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4876 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 მათ ცენტრში იმყოფება.
მისივე თქმით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.
„ამ 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 იმყოფება ჩვენთან. როგორც იცით, გუშინე ერთი შემოგვემატა, წყარო არის ინგლისი, დანარჩენი ექვსი დამატებული პაციენტების წყარო ცნობილია. ესენი არის ორი ბოლო შემთხვევის კონტაქტები. ოთხი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და ორი საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.


