როდისთვის ვარაუდობს თენგიზ ცერცვაძე საქართველოში კორონავირუსის პიკს
29/03/2020 18:19:44 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატება ზომიერად გაგრძელდება და პიკი შესაძლოა, დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ იყოს.
„მე მაინც მგონია, რომ სადღეისოდ არსებული ტენდენცია გაგრძლედება, იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ ზომიერად. არ ველოდები რამე განსაკუთრებულს, თუმცა თუ პიკი იქნება, შესაძლოა, ის იყოს მართლა პიკი და შესაძლოა, იყოს მდორე პიკი, ეს იქნება სადღაც ორი- სამი კვირის მერე“, - განაცხადა თემგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
ამასთან, მან კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რესურსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "საქართველოში ინფიცირებულთათვის საკმარისზე მეტი საწოლია, პრობლემას არც სასუნთქი აპარატები წარმოადგენს":
„გამორიცხულია, რომ 500 კრიტიკული ავადმყოფი გვყავდეს. ჩვენ შეიძლება, გვყავდეს 2 000, 3 000, 4 000 ავადმყოფი, მაგრამ კრიტიკული ავადმყოფები მხოლოდ 5%-ია. ასეთია მსოფლიო სტატისტიკა და ჩვენთანაც დაახლოებით ასეა, 91 პაციენტი და 5-6 კრიტიკული. გამორიცხულია, რომ 500 სასუნთქი აპარატი არ ეყოს. 500 სასუნთქი აპარატი რომ არ ეყოს, ჩვენ უნდა გვყავდეს მგონი 20 000 ინფიცირებული. ასეთი გამორიცხულია. ცუდ კოშმარშიც არ იქნება ეს. ამიტომ სუნთქვის აპარატების მხრივ ყველაზე კეთილსაიმედო მდგომარეობაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის 6 ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:
"ჩვენ დღეს გვყავს 6 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში, მოთავსებული არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ისეთი, რომ უიმედო იყოს, არც ერთი არ არის".
ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 91 შემთხვევაა დადასტურებული. 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 677 700–ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 31 700–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, გამოჯანმრთელებულია 146 300–ზე მეტი.


