"რამდენიმე ათეული პაციენტი გავწერეთ"
27/03/2020 14:43:16 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ცნობით, დღეს კლინიკაში ათეულობით პაციენტთან დაკავშირებით ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამდენად, ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში 57 პაციენტი რჩება, მათგან 13 კორონავირუსითაა ინფიცირებული.
„დღეს მოვიდა ყველა უარყოფითი პასუხი და რამდენიმე ათეულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა, გადავიდა საკარანტინო ზონაში. დღეს გაგზავნილი გვაქვს ახალი ნიმუშები და ველოდებით დღის ბოლოსთვის ბიოლოგიური მასალის ტესტის პასუხებს“ ,- განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება ახალშობილებს, რატიანი ამბობს, რომ სამივე ახალშობილის მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია.
„სტაბილურია სამივეს მდგომარეობა, ემორჩილება დაწყებულ მკურნალობას“ ,- განაცხადა რატიანმა.
სამი ახალშობილიდან ერთის პასუხები გუშინ უკვე მიიღეს და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება ორს, რატიანი ამბობს, რომ ტესტის პასუხებს დღის ბოლოსთვის ელოდებიან.
ამასთან, რატიანი აცხადებს, რომ რეანიმაციაში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი, მათი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ამ დროისთვის ვიტალური ფუნქციები შენარჩუნებულია.
რაც შეეხება კორონავირუსის მქონე ორსულს, რატიანის განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფიელბელია და მიმდინარეობს დაკვირვება.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევა დასტურდება, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.


