საქართველოს საგარეო უწყება ემიგრანტებს მოუწოდებს, კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების დაპირებებს არ ენდონ
27/03/2020 12:46:07 საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, გადაადგილებებზე კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაცემულ დაპირებებს არ ენდონ.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალურ ქსელებში კერძო პირები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას ჰპირდებიან.
„საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ . მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება,“ - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.


