საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
27/03/2020 10:26:40 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 5 პაციენტია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
„ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად არის 5 პაციენტი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს და რომელთა მდგომარეობა არის მძიმე. 100-მდე ადამიანი არის უკვე გამოკვლეული იმ მეთოდით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ეს არის მოლეკულური ტესტირებს მეთოდი, რომელსაც ყველა სხვასაც ვუტარებთ და ჯერ–ჯერობით, როგორც ვიცით, ეს არ არის მხოლოდ ახლო კონტაქტები, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის წევრები და მხოლოდ იმ სუფრაზე მყოფთა (წლისთავი, რომელზე მყოფ 62 წლის ქალს მარნეულში კორონავირუსი დაუდგინდა) წრის შესწავლა. ეს არის აგრეთვე ყველა იმ პირის შესწავლა, ვინც იქ იმყოფება და ეს არ არის მარტო მარნეულში, ეს არის მთელს საქართველოში. სადაც პნევმონია მძიმდება და განვითარდება მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ის მოდის ლაბორატორიაში, ან ჩვენთან ლუგარში, ან ბათუმში, ან ქუთაისში და ეს ყველაფერი იტესტება. ასე რომ, ჩვენ მარტო კონტაქტებს არ ვიკვლევთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.


