„ჩინურმა კომპანიამ “Bioeasy” ყველა ქვეყნიდან გაიწვია სწრაფი ტესტები, სადღეისოდ ლუგარის ლაბორატორიაში ეს ტესტები არ გაგვაჩნია“
27/03/2020 09:31:24 საზოგადოება
„ჩინურმა კომპანიამ “Bioeasy” ყველა ქვეყნიდან გაიწვია სწრაფი ტესტები, სადაც კი გაყიდული ჰქონდა. სადღეისოდ ლუგარის ლაბორატორიაში ეს ტესტები არ გაგვაჩნია“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, ვიტყვი იმას, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან , თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და განვმეორდე, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას და ეს დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მცდარი დიაგნოსტიკა“ , – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, "თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიასთან და ხელშეკრულება არის ანულირებული":
„თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში. ხელშეკრულება არის ანოლირებული, გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასტან, რომელთანაც ვმუშაობთ იგივე სტრატეგიით,. გამოგზავნილი იქნება პირველი სატეტსტო 2000 ტესტი. იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდანაც დამნტკიცებული და მაღალი, ჩვენ მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას.ტესტების სერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების რეკომენდაციით, ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით და ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით.აქედან გამომდინარე, ჩვენ მუფმივ რეჟიმში ვაკეთებთ გადაზღვევას არააკრედიტირებული და არააპრობირებული ტესტების ბაზარზე შემოტანისთვის“.
ცნობისთვის: გუშინ ესპანურმა გამოცემამ "El País" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ესპანეთის მიერ ჩინეთისგან შეძენილი სწრაფი ტესტები უვარგისია. ისინი “Bioeasy”–მ დაამზადა, რომლის პროდუქცია საქართველომაც შეიძინა“.
„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩინეთისგან შეძენილ სწრაფ ტესტებს მხოლოდ 30% –იანი მგრძნობელობა აქვთ მაშინ, როცა ვირუსის ზუსტად დასადგენად მათ 80%–ზე მაღალი მგრძნობელობა უნდა ჰქონდეთ“, – წერს El País წყაროზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, მიკრობიოლოგიის ექსპერტებმა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განუცხადეს, რომ ეს ტესტები არ გამოიყენონ.
როგორც გამოცემა წერს, ესპანეთის ჯანდაცვის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტესტები ჩინეთში დააბრუნოს.
“26 მარტს ესპანეთის ჯანმრთელობისა და საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა ფერნანდო სიმონმა განაცხადა, რომ ესპანეთში შემოწმდა 9000 ტესტი, აღმოჩნდა, რომ მათი შედეგები არ იყო საკმარისად თანმიმდევრული, და მათი დაბრუნების გადაწყვიტილება მიიღეს“, – წერს გამოცემა.
El País–ის ინფორმაციით, სწრაფი ტესტები ჩინურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ „Bioeasy“ დაამზადა. „ამ კომპანიის ტესტები სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომაც შეიძინა“, – წერს გამოცემა.
26 მარტს ესპანეთში ჩინეთის საელჩომ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „სამედიცინო მასალები, რომელსაც ჩინეთი სხვა ქვეყნებში აგზავნის კომპანია „Bioeasy“–ს მიერ მიწოდებული არ არის“:
„ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ესპანეთს ტესტების მწარმოებლების სია გადასცა და მათ შორის „Bioeasy“ არ არის. ამ კომპანიას ჩინეთის ეროვნული სამედიცინო პროდუქციის ადმინისტრაციის მიერ ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული ოფიციალური ლიცენზია, რომ თავისი პროდუქცია გაყიდოს“.
El País–ის ცნობით, 23 მარტს ესპანეთმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან 600 000 სწრაფი ტესტი ჩამოიტანა. რამდენი ტესტია წარმოებული „Bioeasy“–ს მიერ ჯერ–ჯერობით უცნობია.
მანამდე, ჩეხეთმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან მიღებული სწრაფი ტესტები სათანადოდ არ მუშაობდა. თუმცა უცნობია არის თუ არა ეს ტესტები კომპანია „Bioeasy“–ს მიერ წარმოებული.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 2 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გამოსავლენი 215 000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ჩინურ სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია „Shenzhen Bioeasy Biotechnology“-სთან ხელშეკრულება გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ცალი სწრაფი ტესტის ღირებულებაა 5,5 აშშ დოლარია, მთლიანად შესყიდვის ღირებულება კი ტრანსპორტირების საფასურის გარეშე ჯამში – 1 182 500 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების მიხედვით ტესტების შემოტანა 24 მარტიდან 4 აპრილამდე პერიოდში უნდა დასრულებულიყო.


